Junior NBA-GBF ლიგის საუკეთესო ოთხეული გამოვლინდა

Junior NBA-GBF ლიგის ნახევარფინალისტების ვინაობა ცნობილია. კონფერენციების ფინალებში ის გუნდები ითამაშებენ, რომლებმაც დივიზიონების წარმატებით დაძლევის შემდეგ, პლეი ოფის მატჩებიც წარმატებით განვლეს და ხვალ, 26 ივნისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში Junior NBA-GBF ლიგის ფინალში გასასვლელად იბრძოლებენ.

შეგახსენებთ, რომ Junior NBA-GBF ლიგას საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია და ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ატარებენ. მხარდამჭერები არიან კალათბურთის რეგიონალური ფედერაციები და სპორტისა და ახალგაზრდობის  საქმეთა სამინისტრო. Junior NBA-GBF ლიგა მეორე წელია ტარდება და მასში 1000-ზე მეტი ბავშვია ჩართული მთელი ქვეყნის მასშტაბით.

Junior NBA-GBF ლიგის ფინალში გასასვლელად იბრძოლებენ: დასავლეთ კონფერენციიდან „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ სახელით მოასპარეზე „ქუთაისი 1“ და „გორი“, რომელიც ლიგაში „იუტა ჯაზია“. აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში არიან: ზაზა ფაჩულიას აკადემია (ჩიკაგო ბულსი) და „ფილადელფიას“ სახელით მოასპარეზე „ჰიუნდაი“.

აღნიშნულ მატჩებში მოგებული გუნდები ფინალში გავლენ და ჩემპიონობისთვის 27 ივნისს, სუპერფინალში შეერკინებიან, ხოლო ნახევარფინალში დამარცხებულები ერთმანეთში მე-3 ადგილს გაითმაშებენ.

სპეციალურად ფინალზე დასასწრებად დასაქართველოში Junior NBA-ის ევროპული ოფისის ხელმძღვანელები ჩამოვიდნენ, ხოლო ნბა-ს ელჩად Junior NBA-GBFლიგის ფინალზე წარმოდგენილი იქნება მარკო მილიჩი – სლოვენიის ნაკრების ყოფილი კალათბურთელი, რომელსაც ნბა-ში სოლიდური წარმატებით უთამაშია.