Junior NBA-GBF ლიგის ჩემპიონი ზაზას აკადემიის გუნდი „ჩიკაგო ბულსი“ გახდა

დასრულდა ჯუნიორ NBA-GBF ლიგის მეორე გათამაშება. სუპერფინალი მოიგო და ჩემპიონი გახდა ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდი, რომელიც ტურნირში „ჩიკაგო ბულსის“ სახელით ასპარეზობდა. ზაზას აკადემიელებმა საჩემპიონო მატჩში „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ სახელით მოასპარეზე „ქუთაისი“ დაამარცხეს და დაჯილდოვების ცერემონიალის ბოლოს საჩემპიონო თასი ნბა-ს საპატიო ელჩისგან – ცნობილი სლოვენიელი კალათბურთელისგან – მარკო მილიჩისგან ჩაიბარა.

შეგახსენებთ, რომ ჯუნიორ NBA-GBF ლიგას საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია და ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ატარებენ. მხარდამჭერები არიან კალათბურთის რეგიონალური ფედერაციები და სპორტისა და ახალგაზრდობის  საქმეთა სამინისტრო. ჯუნიორ NBA-GBF ლიგა მეორე წელია, ტარდება და მასში მთელი ქვეყნის მასშტაბით 1000-ზე მეტი ბავშვი გახლდათ ჩართული.

ფინალამდე გაიმართა მესამე ადგილისთვის მატჩი, რომელშიც „ჰიუნდაი-ფილაფელფიამ“ გორის „იუტა ჯაზი“ 48:31 დაამარცხა. ფინალური მატჩი კი ძალიან დაძაბული გამოდგა. ზაზას აკადემიის გუნდი მესამე პერიოდში 10 ქულით ჩამორჩებოდა მეტოქეს, თუმცა ლუკა ალავიძის, ლევან ძინძიბაძის, დავით მუმლაძისა და სხვა აკადემიელების შედეგიანობით „ჩიკაგო ბულსმა“ მოახერხა თამაშის შემობრუნება და წინ გაიჭრა. დასკვნით წუთებში „ზაზას აკადემიამ“ ლიდერობის შენარჩუნება მოახერხა და ჩემპიონობა მოიპოვა.

გამარჯვებულებს 23 ქულით ლუკა ალავიძემ ულიდერა, ლევან ძინძიბაძემ კი აკადემიელებს 14 ქულა შესძინა. „ჩიკაგო ბულსის“ მიერ მოგროვებული ქულების დარჩენილი 4 ქულა კი დავით მუმლაძის ანგარიშზე დაგროვდა.

დაჯილდოვების ცერემონიალი

ჯუნიორ NBA-GBF ლიგის საუკეთესო ოთხეულში გასული გუნდები სხვადასხვა პრიზებით დაჯილდოვდნენ. მეოთხეზე გასულ გორელებს სიგელები ერგოთ, ხოლო ბრინჯაოსა და ვერცხლის პრიზიორები შესაბამისი სინჯის მედლებით დაჯილდოვდნენ. გუნდების წევრებს მედლები და სიგელები გადასცეს აჭარის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, გოდერძი კორძაძემ, ჯუნიორ ნბა-ს წარმომადგენელმა ვანია ჩერნივეცმა და ამერიკელმა სამხედრო ოფიცრებმა.

საჩემპიონო ბეჭდების გადაცემა

როგორც ნბა-შია მიღებული, ჟუნიორ NBA-GBF ლიგის გამარჯვებულებიც საჩემპიონო ბეჭდებით დაჯილდოვდნენ. ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდის წევრებს ჟუნიორ NBA-GBF ლიგის გამარჯვებულისთვის დაწესებული საჩემპიონო ბეჭდები და სიგელები გადასცეს საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილმა, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ და თბილისის კალათბურთის განვითრების პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა.

ეროვნული ნაკრების წევრები და მაისურები

ოთხეულში გასული გუნდების გამორჩეული მოთამაშეები საქართველოს ეროვნული გუნდის წევრთა მაისურებით დასაჩუქრდნენ. საჩუქრების გადასაცემად ოლიმპიურ სასახლეში ნაკრების წევრები – დუდა სანაძე, გიორგი ცინცაძე და მანუჩარ მარკოიშვილი მოვიდნენ. მაისურები გადაეცათ:

იუტა ჯაზი/გორი – თენგო გოგიშვილი, სანდრო ზარიძე

ფილადელფია/ჰიუნდაი – გეგა წულაია, ნიკა ბოსტოღანაშვილი

ქუთაისი – დათო ფესვიანიძე, ლუკა ლომთაძე, ლუკა გორგოძე

ჩიკაგო/ზაზა – ლუკა ალავიძე, დავით მუმლაძე, ლევან ძინძიბაძე

საუკეთესო მოთამაშე – MVP

ჯუნიორ NBA-GBF ლიგის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა „ზაზას აკადემიის“ წევრი – ლუკა ალავიძე, რომელსაც სპეციალური პრიზი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა გადასცა.

თასი, მილიჩი, კაპიტანი

დაჯილდოვების ცერემონიალის ბოლო აკორდი გახლდათ გამარჯვებულისთვის საჩემპიონო თასის გადაცემა. „ზაზას აკადემიის“ გუნდ „ჩიკაგო ბულსის“ კაპიტანს, ლუკა ზაბახიძეს ჯუნიორ NBA-GBF ლიგის თასი ნბა-ს საპატიო ელჩმა, „ფინიქს სანსში“ ნათამაშებმა სლოვენიის ეროვნული ნაკრების ცენტრმა – მარკო მილიჩმა გადასცა.

კომენტარები:

ტარიელ ხეჩიკაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი: საუცხოო ფინალის მომსწრენი გავხდით, რომელიც სავსე იყო ემოციებით. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბავშვებში ნამდვილად არიან მომავალი ჩემპიონები. „ზაზას“ გამარჯვებამ დამატებითი სტიმული მისცა თითოეულ პატარა კალათბურთელს, მათ ჯერათ და ჩვენც დანამდვილებით გვჯერა, რომ შემდეგ თაობებშიც აუცილებლად გვეყოლება დიდი ტურნირების ჩემპიონები. ეს არის ერთერთი ყველაზე პოპულარული ტურნირი, სადაც 1000-ზე მეტმა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. ყველამ ვნახეთ, თუ როგორი ემოციებით სავსე ფინალი იყო! ამ ტურნირის პოპულარულობა წლიდან წლამდე იზრდება და როგორც დაგვპირდნენ ეს ტურნირი რეგიონალურ მასშტაბებზე გადავა და საერთაშორისო დონის გახდება. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვისაც წვლილი მიუძღვის ამ ლამაზი ზეიმის მოწყობაში!

მიხეილ გაბრიჩიძე, საქართველოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი: ძალიან მიხარია, რომ უკვე მეორე წელია წარმატებით გრძელდება საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის თანამშრომლობა. უკვე მეორე წელია ვატარებთ ასეთ შესანიშნავ ტურნირს. მონაწილეთა რაოდენობა მოგეხსენებათ წელს 2-ჯერ გაიზარდა შარშანდელთან შედარებით და ეს რა თქმა, უნდა დიდი გამოცდილებაა ბავშვებისთვის. ძალზედ ლამაზი სანახაობა ვიხილეთ დღეს: “Dunkin Devils“-მა უბადლო ბატუტ-შოუ გამართეს, გუნდებმაც დაძაბული შეხვედრა აჩვენეს. ვულოცავ გამარჯვებულ გუნდს და ყველა ბავშვს ვუსურვებ წარმატებას!

მარკო მილიჩი, NBA-ს საპატიო ელჩი: მინდა მივულოცო საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას ტურნირის წარმატებით ჩატარება. რა თქმა უნდა, წარმატებული შედეგი კარგია, მაგრამ უფრო უკეთესია ამდენი გახარებული ბავშვის დანახვა, თუ როგორ უყვართ კალათბურთი და როგორი გრძნობით თამაშობენ. საქართველოს ძლიერი ეროვნული ნაკრები ჰყავს და საკალათბურთო მომავალიც სწორი გზით ვითარდება. მე ვეწვიე ზაზა ფაჩულიას აკადემიასაც და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ამაში. ფინალს რაც შეეხება, ძალიან ვისიამოვნე დაძაბული თამაშით.

ლაშა თოიძე, ზაზა-ჩიკაგო ბულზის მწვრთნელი: ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ტურნირით – უკვე მეორე წელია ტარდება საქართველოში JR.NBA – GBF ლიგა და ეს ძალიან დიდი სტიმული და საკმაოდ უცხო ხილია პატარა კალათბურთელებისათვის. 2 თვის განმავლობაში საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობდა ეს ჩემპიონატი. რამოდენიმე ეტაპი ისე გავიარეთ, რომ ნამდვილად არ გვქონია ადვილი გასეირნება. მთავარია ფინალამდე მოვაღწიეთ და სასიხარულოა, რომ ჩემპიონები გავხდით.

მანუჩარ მარკოიშვილი, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი: სასიამოვნო იყო ამ ბავშვების გახარებული სახეების დანახვა. დიდი დონის ვარსკვლავები ჩამოდიან საქართველოში ამ ტურნირზე და ორგანიზების მხრივაც საუკეთესოა. თეთრი შურით მშურს, რომ ჩემს ბავშვობაში არ არსებობდა შესაძლებლობა მსგავსი ჩემპიონატები ჩატარებულიყო. მთელი სულით და გულით მიხარია, რომ მსგავს მოვლენას ესწრებიან. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პატარები უფრო დიდ კალათბურთს ითამაშებენ და ძალიან დიდი მოტივაცია ექნებათ ქართული კალათბურთი ასახელონ. მე მჯერა, რომ ქართული კალათბურთი იქნება წარმატებული.

ლუკა ალავიძე, ფინალის საუკეთესო მოთამაშე, MVP: ძალიან გამიხარდა, რომ გავიმარჯვეთ და MVP გავხდი. პლეიოფში როცა გადავედით, სწორედ მაშინ ვიგრძენით თუ რა რთული თამაშები გველოდებოდა წინ. ნახევარფინალშიც გაგვიჭირდა, თუმცა მაინც მოვიგეთ და ფინალშიც ჩემპიონები გავხდით.