Junior NBA-GBF ლიგა: ქუთაისის დივიზიონის გამარჯვებული “დეტროიტ პისტონსი” გახდა

დასრულდა Junior NBA-GBF ლიგის ცენტრალური დივიზიონის თამაშები, რომელსაც ქუთაისმა უმასპინძლა. 2 წრედ ჩატარებულ დივიზიონში პირველ ადგილზე გავიდა ქუთაისის პირველი გუნდი, რომელმაც რვავე შეხვედრა მოიგო. დივიზიონის გამარჯვებული ქუთაისური გუნდი “დეტროიტ პისტონსის” სახელით ასპარეზობს, რომელმაც პლეი ოფის საგზური უკვე გაინაღდა.

მეორე ადგილი ერგო ქუთაისის მეორე გუნდს, რომელიც ტურნირში “მილუოკი ბაქსის” სახელით გამოდის. “ბაქსმა” 5 მოგების წილ 3 მარცხი დააგროვა და “დეტროიტის” კვალზე პლეი ოფში გავიდა. მესამეზე გასული ქუთაისის 31-ე სკოლის გუნდის – “კლივლენდ კავალერსის” ანგარიშზე 4 მოგება და ამდენივე წაგება დაგროვდა, რომელიც ბათუმისა და გორის დივიზიონების დასრულებას უნდა დაელოდოს, რათა გაირკვეს, გავა თუ არა პლეი ოფში. შეგახსენებთ, რომ Junior NBA-GBF ლიგა ამერიკის საკალათბურთო ასოციაციის შესაბამისად ტარდება და პლეი ოფში ერთი კონფერენციიდან (რომელიც 3 დივიზიონს აერთიანებს) 8 საუკეთესო გუნდი გადის. შესაბამისად – ბათუმის, ქუთაისისა და გორის დივიზიონების 2-2 საუკეთესო გუნდი პირდაპირ გავა პლეი ოფში, ხოლო დარჩნილ 2 ადგილს ამ დივიზიონების 2 საუკეთესო მესამეადგილოსანი შეავსებს.

სრული სატურნირო მდგომარეობა იხილეთ Junior NBA-GBF ლიგის
ოფიციალურ ვებ-გვერდზე: http://jrnbaleague.ge/?page_id=1320