ეკატერინე წივწივაძე JR.NBA-ის მსოფლიოს ჩემპიონატზე

ეკატერინე წივწივაძემ, რომელიც თბილისის “ბასტიონისა” და საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების წევრია, ჯუნიორ ნბა-ს მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზა. ეს უკვე ზედიზედ მეორე შემთხვევაა, როცა მსოფლიოს ჩემპიონატზე ევროპა-შუა აზიის ნაკრების შემადგენლობაში ქართველმა ითამაშა. შარშან იგივე პატივი ლუკა ალავიძეს ერგო. 

შარშანდელის მსგავსად, ჯუნიორ ნბა-ს მსოფლიოს ჩემპიონატს წელსაც ამერიკის ქალაქმა ორლანდომ უმასპინძლა, სადაც თავი მსოფლიოს 40 ქვეყნის 350 რჩეული გოგონა და ვაჟი მოიყარა. ტურნირში 16 გოგონათა და 16 ვაჟთა ნაკრები მონაწილეობდა, რომლებიც ამერიკისა და დანარჩენი მსოფლიოს რეგიონებს წარმოადგენდნენ. ტურნირის ბადეში ამერიკის მხარეს იყვნენ ნბა-ს დივიზიონის შესაბამისი რეგიონების ნაკრებები: ჩრდილო-დასავლეთი, ცენტრალური, შუადასავლეთი, ატლანტიკა, დასავლეთი, სამხრეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთი და ჩრდილო-აღმოსავლეთი. დანარჩენი მსოფლიოს მხარეს კი: კანადა, ლათინური ამერიკა, ევროპა – შუა აზია, ჩინეთი, მექსიკა, აფრიკა, ინდოეთი და აზია – წყნარი ოკეანე. 

ევროპა-შუა აზრიის ნაკრებმა, რომლის ღირსებასაც ეკატერინე წივწივაძე იცავდა, ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი ლათინურ ამერიკასთან დათმო, თუმცა შემდეგ აფრიკას და ინდოეთს სძლია და პლეი ოფში გავიდა. მერვედფინალში ევროშუააზიელებმა მექსიკას 52:46 მოუგეს და მეოთხედფინალში გავიდნენ. ეკატერინე წივწივაძემ ტურნირის საუკეთესო მატჩი სწორედ მეოთხედფინალში, კანადასთან ჩაატარა. ქართველმა უკანახაზელმა 6 ქულის, 4 ჩაჭრის, 2 პასისა და 1 მოხსნის მოგროვება შეძლო. სამწუხაროდ, ევროპა-შუა აზიამ პელი ოფის შეხვედრა წააგო და მსოფლიო ჩემპიონობისთვის ბრძოლას მეოთხედფინალიდან გამოეთიშა.

ამ წაგების შემდეგ ეკატერინე წივწივაძის გუნდმა ორლანდოში ბოლო, არასაკონკურსო შეხვედრა გამართა. პოზიტიური დასრულების მატჩად წოდებულ შეხვედრაში ევროპა-შუა აზიის ნაკრები ამერიკის შუა ატლანტიკის ნაკრებს შეხვდა და 55:63 დამარცხდა. ქართველმა უკანახაზელმა საკმაოდ დიდ ხანს – 20:24 წუთს ითამაშა და 2 ქულა, 3 პასი, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. წივწივაძის ნასროლი 3 ორქულიანიდან მიზანს 1-მა მიაღწია.

რაც შეეხება მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალს, მასში ერთმანეთს კანადისა და ამერიკის ცენტრალური რეგიონის ნაკრებები შეხვდნენ. ამერიკელებმა საკმაოდ იოლად – 72:35 იმარჯვეს და მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ. 

კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციასთან (NBA) მჭიდროდ თანამშრომლობს. გასულ სეზონში ჩვენს ქვეყანაში უკვე მეოთხედ ჩატარდა Junior NBA-GBF ლიგა, რომელშიც 1700-ამდე მოზარდმა მიიღო მონაწილეობა.