ჯუნიორ NBA-GBF “ა”ლიგის ჩემპიონი ნიუ იორკ ნიქსი (თბილისი ბასკეტი) გახდა

ჯუნიორ NBA-GBF ლიგის გათამაშება დასრულდა. მიუხედავად პანდემიის გამო შექმნილი გამოწვევებისა, ჩვენი ქვეყნის ყველაზე მასშტაბური საკალათბურთო ღონისძიება, რომელშიც 10-12 წლის 1300 ბავშვი მონაწილეობდა, სრული ფორმატით, შეუფერხებლად ჩატარდა. ამასთან ერთად, ღონისძიება უპრეცედენტო გამოდგა სპორტული კუთხით – როგორც რეგულარულ ჩემპიონატში, ისე პლეი ოფში და ოთხთა ფინალში არაერთი დაძაბული და საინტერესო შეხვედრა გაიმართა, რომელიც სავსე იყო ნაირგვარი ემოციითა და უკიდურესი დაძაბულობით.

ჯუნიორ NBA-GBF-ის “ბ” ლიგა 16 ივლისს დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა, მეორე დღეს კი უკვე “ა” ლიგის გამარჯვებული და პრიზიორები გამოვლინდნენ. თბილისის ოლიმპიური სასახლე 17 ივლისს “ა” ლიგის ოთხთა ფინალის მონაწილეებმა დაიკავეს, რომელთა შორისაც უაღრესად დაძაბული მატჩები გაიმართა.

ფინალურ მატჩში  ნიუ იორკ ნიქსმა (თბილისი ბასკეტი)  ლოს ანჯელეს კლიპერსი (ვინგსი) 33:30 დაამარცხა, ხოლო მე-3 და მე-4 ადგილებისთვის გამართულ მატჩში ვაშინგტონ ვიზარდსმა  (ოვერტაიმი) სან ანტონიო სპურსს (ბათუმი)   37:26 სძლია.

ფინალური ბრძოლა,  ტურნირის გვირგვინი გამოდგა. უმეტესწილად “ვინგსი” იგებდა, მაგრამ “თბილისი ბასკეტმა” ბოლო წუთებზე მოახერხა მობილიზება და 33:30 გაიმარჯვა.  გამარჯვებულთა სიხარული, ხოლო დამარცხებულთა ემოციები საოცარი იყო.  

დაჯილდოების ცერემონიალი

IV  ადგილი

2021 წლის ჯუნიორ ნბა-ს „ა“ ლიგის  მეოთხე ადგილის მფლობელი გახდა სან ანტონიო სპურსი (ბათუმი), რომელიც დააჯილდოვეს საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა გივი ბაქრაძემ და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ანატოლი ბოისამ.

III ადგილი

მესამე ადგილის მფლობელი  გახდა  ვაშინგტონ ვიზარდსი (ოვერტაიმი) რომელიც მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვეს საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა გიორგი ცინცაძემ და კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმერ ბოისამ.

II ადგილი

ჯუნიორ ნბა-ს  „ა“  ლიგის  მეორეადგილოსან გუნდს, რომელიც ლოს ანჯელეს კლიპერსი (ვინგსი) გახდა,  ვერცხლის მედლები  და სიგელები გადასცეს  საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებმა მერაბ ბოქოლიშვილმა  და ანატოლი ბოისამ.

I ადგილი

2021 წლის ჯუნიორ ნბა-ს „ა“ ლიგის ჩემპიონი  გუნდი გახდა  ნიუ იორკ ნიქსი (თბილისი ბასკეტი), რომელსაც ნბა-ს მსგავსად გადაეცა საჩემპიონო ბეჭდები. პატარა ჩემპიონები  ბეჭდებითა და სიგელებით დააჯილდოვეს საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებმა გიორგი შერმადინმა და გიორგი ცინცაძემ.

8 საუკეთესო მოთამაშე

ტრადიციულად, გამოვლინდა 2021 წლის ჯუნიორ ნბა-ს „ა“ლიგის  8 საუკეთესო მოთამაშე. რომლებსაც ეროვნული ნაკრების მაისურები  გადასცეს საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებმა:  გიორგი შერმადინმა, გიორგი ცინცაძემ, მერაბ ბოქოლოშვილმა და გივი ბაქრაძემ.

ტატო ჩაჩანიძე და ლუკა გაბისიანი –   სან ანტონიო სპურსი (ბათუმი)

დათა კობახიძე და გიორგი ურთმელიძე – ნიუ იორკ ნიქსი (თბილისი ბასკეტი) 

კოტე მგელაძე და საბა ნაცვლიშვილი – ლოს ანჯელეს კლიპერსი (ვინგსი)

საბა ყიფშიძე და გიორგი არაბული  ვაშინგტონ ვოზარდსი (ოვერტაიმი)

საუკეთესო მოთამაშე MVP

2021  წლის ჯუნიორ ნბა-ს  „ა“ ლიგის  საუკეთესო მოთამაშე გახდა დათა ხატიაშვილი.  საუკეთესო მოთამაშე სპეციალური პრიზით საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა,  ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშემ (MVP),  გიორგი შერმადინმა დააჯილდოვა.

საჩემპიონო თასის გადაცემა

ჯუნიორ ნბა-ს ჩემპიონი გუნდის, ნიუ იორკ ნიქსის (თბილისი ბასკეტი) კაპიტანს დათა კობახიძეს, საჩემპიონო თასი  საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა გადასცა.

ოთხთა ფინალის შედეგები:

ნიუ იორკ ნიქსი (თბილისი ბასკეტი) VS ლოს ანჯელეს კლიპერსი (ვინგსი) 33:30

ვაშინგტონ ვიზარდსი (ოვერტაიმი)  VS   სან ანტონიო სპურსი (ბათუმი)   37:26

სრული ფოტოალბომი ➥ https://www.facebook.com/GeoBasketball