2022 წლის ჯუნიორ ნბა-ს კენჭისყრას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა

ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA),  საქართველოში ამერიკის საელჩოსა და კალთბურთის ეროვნული ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებით, საქართველოში უკვე მე-6-ედ ტარდება ჯუნიორ ნბა-ს ლიგა, რომელშიც მთელი ქვეყნის მასშტაბით, საკვალიფიკაციო ეტაპის ჩათვლით, 2022 წლის სეზონში 75 გუნდი და 1200-მდე 12 წლამდე ასაკის კალათბურთელი მონაწილეობს.  პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის,  სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

ჯუნიორ ნბას-ს ლიგა NBA-ს ანალოგიური პრინციპით ტარდება. ლიგის თითოეული გუნდი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის თითო გუნდს წარმოადგენს.  „ა“ ლიგის თამაშები დივიზიონების მიხედვით თბილისში, რუსთავში, გორში, თელავში, ქუთაისსა და  ბათუმში ჩატარდება,  „ბ“ ლიგის თამაშებს კი მთლიანად  დედაქალაქი უმასპინძლებს.

საქართველოში ყველაზე მასშტაბური ბავშვთა საკალათბურთო პროექტი – ჯუნიორ ნბა, გოგონათა და ვაჟთათვის კალათბურთის ლიგის გლობალური ახალგაზრდული პროგრამაა, რომელიც ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, კალათბურთის პოპულარიზაციას და  პერსპექტიული ახალგაზრდების აღმოჩენას.  ჯუნიორ ნბა-ს ლიგა მომავალ კალათბურთელებს, მწვრთნელებსა და მშობლებს შესაძლებლობას აძლევს გაიღრმავონ საკალათბურთო ცოდნა და გაიზიარონ კალათბურთის თამაშის მინიჭებული სიხარული. 

გულშემატკივრებს  შეუძლიათ ჯუნიორ ნბა-ს ლიგის მსვლელობას და სიახლეებს  თვალ-ყური მიადევნონ ჯუნიორ ნბა-ს ლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე – jrnbaleague.ge   და  ოფიციალურ აპლიკაციაზე, რომელსაც OWQLO წარმოგიდგენთ.  OWQLO-ს აპლიკაციის გადმოწერა  შეგიძლიათ Google Play-დან ან App Store-დან.  ვებ-გვერდი და აპლიკაცია უახლოეს დღეებში ამოქმედდება. 

წლევანდელი სეზონის ჯუნიორ ნბა-ს კენჭისყრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართა, სადაც ჯუნიორ ნბა-ში მონაწლე გუნდებს NBA-ს კლუბების სახელები მიენიჭათ და „ა“ და „ბ“ ლიგების მონაწილე 900-ვე კალათბურთელს NBA-გან  სათამაშო ფორმები საჩუქრად გადაეცათ.

 აღსანიშნავია, რომ საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ერთმანეთთან მრავალწლიანი და მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებთ. თსუ-ის საკალათბურთო გუნდები მრავალი წელია წარმატებით მონაწილეობენ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში –  სუპერლიგაში და სხვადასხვა ასაკობრივ ლიგებში და მაღალ შედეგსაც აღწევენ. 

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყანა წელს დიდი საკალათბურთო ზეიმისთვის ემზადება. როგორც ცნობილია,  1-დან 7 სექტემბრის ჩათვლით ჩვენს დედაქალაქში ევრობასკეტ-2022 ჩატარდება, ხოლო მანამდე, 15-24 ივლისს  – 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი.  ცხადია, ასეთი მასშტაბური და მაღალი რანგის ღონისძიებების მასპინძლობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან  ურთიერთთანამშრომლობის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა და მნიშვნელოვანია, რომ თსუ უკვე აქტიურად გახლავთ ჩართული აღნიშნულ ღონისძიებებში. 

ჯუნიორ ნბა-ს კენჭისყრას  მონაწილე გუნდების მწვრთნელები და კაპიტნები, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელები, ეროვნული ნაკრების მოთამაშეები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.  NBA-ს ქართველმა ვარსკვლავებმა და ეროვნული ნაკრების იმ მოთამაშეებმა, რომლებიც თბილისში არ იმყოფებოდნენ, სპეციალურად ჯურნიორ ნბა-ში მონაწილე ბავშვებისთვის ვიდეო-მიმართვები ჩაწერეს –  ახალგაზრდა კალათბურთელებს სეზონის გახსნა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. 

კენჭისყრის პროცესის დაწყებამდე, დამსწრე აუდიტორიის წინაშე სიტვით გამოვიდნენ  საქართველოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ვიქტორ სანიკიძე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე  სოსო გიორგაძე და ღონისძიების მასპინძლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ხარჯავანიძე. 

ტრადიციულად, ჯუნიორ ნბას-ს კენჭისყრამ საინტერესო და საზეიმო ვითარებაში ჩაიარა. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია მადლობას უხდის  ყველა მხარდამჭერსა და  სპონსორს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ფედერაციის სხვადასხვა პროექტების და მათ შორის,  საქართველოში ჯუნიორ ნბა-ს ლიგის წარმატებით განხორციელებაში.  

  • საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდამჭერი –  კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
  • საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორი – საქართველოს ბანკი.
  • საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და ეროვნული ნაკრების მხარდამჭერი –  საქართველოს რკინიგზა.
  • საქართველოს ეროვნული ნაკრების ტექნიკური პარტნიორი –  კომპანია „ბორჯომი“
  • კალათბურთის ეროვნული ფედერაციის სპონსორი – ცოდნისა
  • კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მედია პარტნიორი საქართველოს პირველი არხი

 

კენჭისყრის შედეგები:

ჯუნიორ ნბას-ს გახსნისა და კენჭისყრის სრული ალბომი ➥ facebook.com/GeoBasketball