ჯუნიორ ნბა-ს ფინალში ერთმანეთს “ოკლაჰომა” და “ვაშინგტონ ვიზარდსი” შეხვდებიან

Junior NBA – GBF ლიგის ჩემპიონი ხვალ, 27 ივნისს, თბილისის ოლიმპიურ  სასახლეში გამოვლინდება. ფინალური მატჩი 15:30 საათზე დაიწყება, სადაც ერთმანეთს „ოკლაჰომას“ სახელით მოასპარეზე ზაზას აკადემია და ბათუმური „ვაშინგტონ ვიზარდსი“ შეხვდებიან.

Junior NBA – GBF ლიგა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ორგანიზებით მესამე წელია, ტარდება. ტურნირის მხარდამჭერები ამერიკის საელჩო და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო არიან.

Junior NBA – GBF ლიგაში ყოველწლიურად 1000-ამდე მოზარდია ჩართული. ტურნირი 11-12 წლის მოზარდებს შორის ტარდება და მასში საქართველოს ყველა რეგიონია ჩართული. ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მსგავსად, Junior NBA – GBF ლიგაშიც 30 გუნდია, თუმცა მსურველთა სიმრავლის გამო, ძირითად ტურნირში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ეტაპი ტარდება.

მიმდინარე Junior NBA – GBF ლიგის დივიზიონის მატჩები ბათუმში, ქუთაისში, გორში, თბილისში, რუსთავსა და თელავში ჩატარდა. საუკეთესოებმა პლეი ოფში გადაინაცვლეს და საინტერესო, დაძაბული მატჩების შემდეგ ფინალისტები გამოვლინდნენ.

ჯუნიორ ნბა-ს ოთხთა ფინალში მე-3 ადგილისთვის ერთმანეთს ქუთაისის „დეტროიტ პისტონსი“ და „იუტას ჯაზის“ სახელით მოასპარეზე „იბერი“ შეხვდებიან. მატჩი 14:00 საათზე გაიმართება.

Posted in კატეგორიის გარეშე