Jr. NBA – GBF ლიგის გამარჯვებული ზაზას აკადემიის გუნდი “ოკლაჰომა თანდერი” გახდა

დასრულდა Junior NBA – GBF ლიგის გათამაშება, რომელიც ტრადიციულია და წლეულს მესამედ ჩატარდა. ტურნირის გამარჯვებული გახდა ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემიის გუნდი “ოკლაჰომა თანდერი”, რომელმაც ფინალურ მატჩში 42:17 დაამარცხა ბათუმური “ვაშინგტონ უიზარდსი”. 

Junior NBA – GBF ლიგის ორგანიზატორები საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია და ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია არიან. ტურნირის მხარდამჭერები გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და საქართველოს სპორტისა და კულტურის სამინისტრო. 

Junior NBA – GBF ლიგა გახლავთ საქართელოში ყველაზე მასშტაბური საკალათბურთო პროექტი, რომელშიც ყოველწლიურად 70-ამდე გუნდი და 1000-ამდე ბავშვი მონაწილეობს. მსურველთა სიმრავლის გამო, თავდაპირველად იმართება საკვალიფიკაციო ეტაპი, რომლის საუკეთესო 30 გუნდი, ნამდვილი ნბა-ს ფორმატის შესაბამისად, დივიზიონებში ნაწილდება. სპეციალური კენჭისყრის შედეგად მონაწილე გუნდებს ნბა-ს კლუბების სახელები მინიჭათ და საქართველოს 5 ქალაქში – თელავში, რუსთავში, თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში გამართული დივიზიონების შემდეგ ჩემპიონობისთვის ბრძოლა პლეი ოფიდან გაგრძელდა.

დღეს Junior NBA – GBF ლიგის დასკვნითი დღე იყო. ფინალამდე გამართულ მე-3 ადგილისთვის მატჩში “იუტა ჯაზის” სახელით მოასპარეზე “იბერმა” 36:29 დაამარცხა ქუთაისის “დეტროიტ პისტონსი”. ამ  და ფინალურ მატჩს დაესწრნენ თბილისში საგანგებოდ ჩამოსული ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ოპერაციების მენეჯერი ვანია ჩერნიცევი და ქალთა კალათბურთის ყოფილი ვარსკვლავი – ესპანეთის ნაკრების ლიდერი ამაია ვალდემორო, რომელიც ორგზის ოლიმპიადის მონაწილეა და 2007 წლის ევრობასკეტზე MVP-ს ტიტული დაიმსახურა.

ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი. 

IV  ადგილი

ჯუნიორ ნბა-ს მეოთხე ადგილის მფლობელი  გახდა – გუნდი – დეტროიტ პისტონზი (ქუთაისი),რომლის წევრებიც სიგელებით კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი გაჩეჩილაძემ დააჯილდოვა.

III ადგილი

ჯუნიორ ნბა-ს მესამე ადგილის მფლობელი  გახდა – გუნდი „იბერი“- „იუტა ჯაზი“. გუნდის წევრები ბრინჯაოს მედლებით და სიგელებით  დააჯილდოვა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმერ ბოისამ

II ადგილი

ჯუნიორ ნბა-ს მეორეადგილოსანი გუნდს – „ვაშინგტონ -ვიზარდსს “ (ბათუმი) ვერცხლის მედლები გადასცეს კალათბურთის ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა ალეკო პეტრიაშვილმა და გიორგი გაჩეჩილაძემ.

ადგილი

2018 წლის  ჯუნიორ ნბა-ს ჩემპიონი გუნდ „ოკლაჰომა თანდერს“ (ზაზას აკადემია) ნბა-ს მსგავსად გადეცათ საჩემპიონო ბეჭდები.  პატარა ჩემპიონები ბეჭდებით და სიგელებით დააჯილდოვეს ნბა-ს ოპერაციების მენეჯერმა ვანია ჩერნივეცმა და კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, შავლა გოგოლაძემ.

ოთხთა ფინალის 8 საუკეთესო მოთამაშე

ტრადიციულად, გამოვლინდა 2018 წლის ოთხთა ფინალის  8 საუკეთესო მოთამაშე, რომლებსაც გადაეცათ ეროვნული ნაკრების მაისურები.

ნიკა აბულაძე, გუკა ცხადაძე (ზაზა)

ლუკა ახვლედიანი #12, ლუკა ახვლედიანი #8 (ქუთაისი )

ლუკა ჯინჭარაძე, ლუკა ჯაში  (ბათუმი )

გიორგი სოხაძე, საბა შარაშიძე (იბერი)

ჯუნიორ ნბა-ს 8 საუკეთესო კალათბურთელი დააჯილდოვეს ვლადიმერ ბოისამ და გიორგი გაჩეჩილაძემ.

საუკეთესო მოთამაშე MVP

 2018 წლის ჯუნიორ ნბა-ს  საუკეთესო მოთამაშე გახდა „ოკლაჰომას“(ზაზას აკადემია) კაპიტანი ნიკა აბულაძე, რომელმაც 16 ქულა დააგროვა. საუკეთესო მოთამაშეს პრიზი კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, შავლა გოგოლაძემ გადასცა.

საჩემპიონო თასის გადაცემა

ჯუნიორ ნბა-ს ჩემპიონი გუნდის კაპიტანს ნიკა აბულაძე საჩემპიონო თასით  ქალთა ნბა-ს მოთამაშემ ამაია ვალდემორომ დააჯილდოვა. 

კომენტარები:

შალვა გოგოლაძე, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე: მინდა, მივულოცო გამარჯვებულ გუნდს, მართლაც საინტერესო ფინალი გამოვიდა და ზოგადად, ტურნირია ძალიან საინტერესო. კალათბურთში ასეთი მასობრივი და მაღალი ხარისხის ტურნირებით განებივრებულები ვართ, თუმცა გამორჩეულია, როცა არა მარტო საქართველოს მთავრობა და ეროვნული ფედერაციაა ჩართული, არამედ საელჩო, NBA, ამერიკიდან გვყავს სტუმარი და ვფიქრობ, რომ ასეთი ტურნირები ჩვენ მოგვცემს უფრო მეტ სტიმულს იმისათვის, რომ მეტი ბავშვი ჩაერთოს კალათბურთში, უფრო მასობრივი და ხელმისაწვდომი გახდეს სპორტის ეს სახეობა.

ვლადიმერ ბოისა, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი: მსგავსი ღონისძიებები ძალიან კარგია ბავშვებისთვის. ფედერაციისთვის არ იყო ადვილი ამ ყველაფრის დაგეგმვა და ამ დონეზე ორგანიზება, თუმცა NBA-დან მხოლოდ დადებით შეფასებებს ვისმენთ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იმ JR NBA-ს ჩემპიონატებიდან, რომლებიც სხადასხვა ქვეყნებში მინახავს, ჩვენი მართლაც საუკეთესოა, რაც ძალიან სასიხარულოა. წელს პირველად ქალი ჩამოვიდა WNBA-დან და იმედი მაქვს, ის მაგალითი იქნება ჩვენი გოგონებისთვისაც, რომ უფრო აქტიურად ჩაებან კალათბურთში და დაინახონ, რომ ყველაფერი შესაძლებელია.

ვანია ჩერნიცევი, ნბა-ს ოპერაციების მენეჯერი: ძალიან გახარებული ვარ, რომ დავბრუნდი მესამე სეზონზე. კარგია იმის ნახვა, როგორი პროგრესი გქონდათ პირველი წლის მერე. ძალიან ბევრი ნიჭიერი მოთამაშე გყავთ და პირადად მე მიხარია, რომ უფრო მეტი გოგო თამაშობს. პირველ წელს ფინალში გოგონებს საერთოდ არ უთამაშიათ, წელს კი ვაშინგტონ ვიზარდში ერთ-ერთმა გოგონამ თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში ითამაშა, რაც ძალიან სასიხარულოა.

ამაია ვალდემორო, ქალთა ნბა-ს მოთამაშე: ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს საქართველოში ვარ, JR NBA-ს ფინალზე. ეს ტურნირი ძალიან კარგი ღონისძიებაა ბავშვებისთვის, რომ მიჰყვნენ თავიან ოცნებებს, არ შეწყვიტონ ვარჯიში და მათ, რა თქმა უნდა, აქვთ შანსი, რომ უფრო ფართო ასპარეზზე ითამაშონ.

გიორგი ზაბახიძე, სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების აღმასრულებელი დირექტორი: მესამე წელია, რაც Junior NBA ტარდება. ამ სეზონზე 90 გუნდამდე იყო მონაწილეობის მსურველი, მაგრამ ამ ეტაპზე ჩართული იყო 60 გუნდი. ამ პროექტმა მოგვცა საშუალება, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის რეგიონებშიც გავავრცელოთ კალათბურთი. შემდეგ სეზონზე შესაძლოა, ორი ჩემპიონატი ჩავატაროთ JR NBA-ს ფარგლებში. ერთი იქნება ა-ლიგა, მეორე – ბ-ლიგა, რაც კიდევ უფრო დაგვეხმარება კალათბურთის პოპულარიზაციაში. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მეტი ბავშვი ჩაერთოს სპორტულ ცხოვრებაში და იცხოვროს ჯანსაღად.

ნიკა აბულაძე, Junior NBA-ს საუკეთესო მოთამაშე (ზაზას აკადემია): ჩემთვის, როგორც დამწყები სპორტსმენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი დონის ტურნირებზე ასპარეზობა. მწვრთნელები ჩვენი ასაკის ბავშვებს უკვე აკვირდებიან და ვცდილობ, მაქსიმალურად გამოვიჩინო თავი. ძალიან გახარებული ვარ, რომ საუკეთესო მოთამაშის ტიტული მოვიპოვე. ეს ჩემთვის დიდი სტიმულია და იმედია, ჩვენი გუნდი ჩემპიონის ტიტულს მომავალ წელსაც შეინარჩუნებს.