Junior NBA-GBF-ის B ლიგის რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა

დასრულდა Junior NBA-GBF-ის B ლიგის რეგულარული ჩემპიონატი, რომლის შედეგადაც იმ 16 გუნდის ვინაობა გახდა ცნობილი, რომლებიც ჩემპიონობისთვის ბრძოლას პლეი ოფიდან გააგრძელებენ. შეგახსენებთ, რომ Junior NBA-GBF ლიგის ძირითადი ტურნირისაგან განსხვავებით, B ლიგის მატჩები მხოლოდ თბილისში იმართება. B ლიგის შექმნა იმ გაზრდილმა კონკურენციამ და მონაწილეთა სიმრავლემ გამოიწვია, რომელსაც ადგილი ბოლო წლებში ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ Junior NBA-GBF ლიგა 10-12 წლის ბავშვებში უკვე მეოთხედ ტარდება და მისი ორგანიზატორი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია და ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციიის ევროპის ოფისია. წლიდან წლამდე ტურნირში მონაწილეობის მსურველთა რიცხვი იზრდებოდა და წელს ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციასთან მოლაპარაკებისა და მასთან შეთანხმების საფუძველზე გადაწყდა Junior NBA-GBF-ის B ლიგის შექმნა, რომელშიც ასევე 30 გუნდი მონაწილეობს და გათამაშების ფორმატი და მონაწილე გუნდები ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ანალოგიურია.

16 ივნისს დასრულებული რეგულარული ჩემპიონატის შემდეგ გაირკვა, რომ აღმოსავლეთ კონფერენციიდან პლეი ოფში გავიდნენ: ბასტიონი 1, ზაზა 2, აკადემია 2, ლომები, მეგა, იბერი 2, თსუ და ოვერტაიმი 2. დასავლეთ კონფერენციიდან კი – ლეგიონი, ზაზა 4, ორბი, მაკაბი, ჰიუნდაი 2, გიმნაზია, ბასტიონი 3 და გოა.

პლეი ოფის მატჩები თბილისში – 20 და 22 ივნისს გაიმართება. ოთხთა ფინალის მატჩები კი 29 და 30 ივნისს ჩატარდება. ყველა შეხვედრას თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს.