Junior NBA-GBF ლიგის ჩემპიონი ზაზას აკადემიის პირველი გუნდი გახდა

2018-2019 წლების სეზონის Junior NBA-GBF ლიგის გამარჯვებული გახდა ზაზას აკადემიის პირველი გუნდი, რომელიც ტურნირში “ჩიკაგო ბულსის” სახელით ასპარეზობდა.  ჟოლივეტ ტუჯანისა და ლაშა თოიძის გაწვრთნილმა გუნდმა ფინალურ მატჩში “იუტა ჯაზის” სახელით მოასპარეზე “ქუთაისი 1” დაამარცხა. შეხვედრა აკადემიელთა უპირატესობით დაიწყო და ასევე დასრულდა. Junior NBA-GBF ლიგის ჩემპიონმა ფინალური მატჩი 46:28 მოიგო.

Junior NBA-GBF ლიგა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის, ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის, საქართველოში ამერიკის საელჩოსა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი ორგანიზებით უკვე მეოთხე წელია, ტარდება. წლიდან წლამდე ტურნირი საქართველოს მასშტაბით პოპულარული ხდება და ამ სეზონში მონაწილეობის მსურველთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა, რის გამოც, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მოლაპარაკების შემდეგ Junior NBA-GBF-ის “ბ” ლიგის ჩატარება გადაწყდა, სადაც ასევე 30 გუნდი მონაწილეობდა და 4 საუკეთესოა დარჩენილი. “ბ” ლიგის ჩემპიონი 30 ივნისს გამოვლინდება.  

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პროექტის ფარგლებში, Junior NBA-GBF-ის “ა” ლიგის ოთხთა ფინალიდან 3 გუნდი ფედერაციის თანადაფინანსებით გაემგზავრება ბალტიის ლიგაში საასპარეზოდ და მომავალი, 2019-2020 წლების სეზონში მიიღებს მონაწილეობას ამ ასაკში კონტინენტის ყველაზე მრავალეროვან ტურნირში. ფინალზე დასასწრებად თბილისში ჩამოვიდა Junior NBA-ს ელჩი ბოსტიან ნახბარი, რომელიც წლების მანძილზე თმაშობდა ნბა-ში და სლოვენიის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება.

ფინალურ მატჩამდე გამოვლინდა მესამე ადგილის მფლობელი, რომელიც გახდა ირაკლი ხომერიკის გაწვრთნილი “იბერი” (დეტროიტ პისტონსი). იბერელებმა ბრინჯაოს მედლებისთვის მატჩში “მემფის გრიზლისის” სახელით მოასპარეზე ზაზას აკადემიის მესამე  გუნდი დაძაბულ, ოვერტაიმიან ბრძოლაში – 23:22 დაამარცხა. 

ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც ჩემპიონი და პრიზიორი გუნდები, ასევე ინდივიდუალური პრიზების მფლობელები ქართული კალათბურთის ცნობილ სახეებთან ერთად Junior NBA-ის ელჩმა, სლოვენიელმა ბოსტიან ნახბარმა დააჯილდოვეს.

IV  ადგილი

ჯუნიორ ნბა-ს მეოთხე ადგილის მფლობელი  გახდა მემფის გრიზლისი/ ზაზა3, რომელიც სიგელებით დააჯილდოეს ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა ჯამლეტ ხუხაშვილმა და ეროვნული ნაკრების კალათბურთელებმა მანუჩარ მარკოიშვილმა და გიორგი შერმადინმა.

III ადგილი

ჯუნიორ ნბა-ს მესამე ადგილზე გავიდა დეტროიტ პისტონსი/იბერი, რომელიც ბრინჯაოს მედლებით და სიგელებით  დააჯილდოეს დუდა სანაძემ დამანუჩარ მარკოიშვილმა.

II ადგილი

ჯუნიორ ნბა-ს მეორეადგილოსანი იუტა ჯაზი/ქუთაისი1 ვერცხლის მედლებით და სიგელებით დააჯილდოეს საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელებმა გიორგი შერმადინმა, მანუჩარ მარკოიშვილმა, დუდა სანაძემ და მიხეილ ბერიშვილმა.

ადგილი

2019 წლის ჯუნიორ ნბა-ს ჩემპიონ  გუნდს (ჩიკაგო ბულსი/ ზაზა1)  ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ლიგის გამარჯვებულის მსგავსად გადაეცა საჩემპიონო ბეჭდები. პატარა ჩემპიონები ბეჭდებით და სიგელებით დააჯილდოეს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა და ნბა-ს ორგზის ჩემპიონმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ.

8 საუკეთესო მოთამაშე

ტრადიციულად, გამოვლინდა 2018-2019  წლების სეზონის ჯუნიორ ნბა-ს  8 საუკეთესო მოთამაშე. მათ ეროვნული ნაკრების მაისურები გიორგი შერმადინმა, მანუჩარ მარკოიშვილმა, დუდა სანაძემ და მიხეილ ბერიშვილმა გადასცეს.

ზაზა1/ჩიკაგო ბულსი – თემუკა ფატარიძე, დაჩი მეშვილდეშვილი

ქუთაისი1/იუტა ჯაზი –  გიორგი ნიკოლაევი, გერა ჭეიშვილი

იბერი/ დეტროიტ პისტონსი – პეტრე ბაგრატიონი, სანდრო სახვაძე

ზაზა3/ მემფის გრიზლისი – მათე ხატიაშვილი, მათე ნებიერიძე

საუკეთესო მოთამაშე MVP

 2018-2019  წლების სეზონის ჯუნიორ ნბა-ს  საუკეთესო მოთამაშე გახდა თემუკა ფატარიძე (ზაზა1/ჩიკაგო ბულსი),  რომელმაც ფინალურ მატჩში 27 ქულა დააგროვა. საუკეთესო მოთამაშე სპეციალური პრიზით დააჯილდოვა კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა.

 საჩემპიონო თასის გადაცემა

 ჯუნიორ ნბა-ს ჩემპიონი გუნდის (ჩიკაგო ბულსი/ზაზა1კაპიტანი ნიკოლოზ კუპატაძე საჩემპიონო თასით დააჯილდოვა  წლევანდელი ჯუნიორ ნბა-ს ელჩმა, „ჰიუსტონ როკეტსის“, „ნიუ ორლეანისა და „ნიუ ჯერსი ნეტსის“ ყოფილმა მოთამაშემ, ყველა დროის ერთ-ერთმა  საუკეთესო სლოვენიელმა კალათბურთელმა, ევროლიგის 2012-2013 წლების სეზონის  ბომბარდირმა, ბოსტიან ნახბარმა.

სრული გალერეა